სავალდებულო პერიოდული ტექნიკური დათვალიერება, 2016 წელს, დედაქალაქში ავტომობილების 76%-ს არ გაუვლია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, ამ დარღვევებზე პოლიციის რეაგირება შეუსაბამოა და დაჯარიმებული მძღოლების რაოდენობა მხოლოდ 13.6 %-ს შეადგენს.
აუდიტის დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ ჰაერის მთავარი დამაბინძურებლის, მუნიციპალური ავტობუსების უმრავლესობა იმდენად ძველია, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია, სწორედ ამიტომ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გადის. ქალაქის მერია ამბობს, რომ სახელმწიფომ ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე შესამცირებლად წელს 1 იანვრიდან კანონი უკვე აამოქმედა, თუმცა ის ჯერ მხოლოდ დიდი გაბარიტის ავტომობილებს ეხება.
თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი რომ საგანგაშოა, ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლებიც საუბრობენ.
ტექნიკური დათვალიერების არაეფექტური რეფორმა, ინფორმაციის ნაკლებობა და მოძველებული მუნიციპალური ტრანსპორტი-ასე აფასებენ შექმნილ ვითარებას ექსპერტები.
ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობაზე, ჯარიმა 2018 წლის 1 იანვრიდან ფიზიკური პირებისთვის 50 ლარამდე, იურიდიული პირებისთვის 200 ლარამდე გაიზარდა. არ არის გამორიცხული ჯარიმა კიდევ გაიზარდოს.
ავტორი: თაკო სურგულაძე.