რუსთავი2-ის თანამშრომლების გამოკითხვა ვაკის რაიონის პოლიციაში დილიდან განახლდა. პოლიციაში ცოტა ხნის წინ თავდასხმის მთავარი სამიზნე - გიორგი გაბუნია, მივიდა, რომელიც მოძალადეებს უვნებლად გადაურჩა.
„ჩვენ რომ ავდიოდით, მეორე მანქანა მოდიოდა, რომელსაც გზა დავუთმეთ და აღმოჩნდა, რომ ამ მანქანაში იჯდა სწორედ სადღობელაშვილი, რომელიც მოდიოდა და უნდა მიეღო მონაწილეობა აქციაში. მან დამინახა მე, გააჩერა მანქანა. მითხრა, რომ მე ზუსტად შენთან მოვდივარ, სად მიდიხარო. გადმოვიდა მანქანიდან, დაუძახა დანარჩენებს, რომლებიც, როგორც უკვე გითხარით, შეკრებილები იყვნენ ჭიშკართან. უთხრა, რომ ალყა შემოერტყათ მანქანისთვის. ეს არ იყო, რომ უბრალოდ ალყაშემორტყმულ ვიყავით და უბრალოდ ადგილიდან დაძვრის საშუალებას არ გვაძლევდნენ. არა, ისინი, რა თქმა უნდა, იმუქრებოდნენ, იგინებოდნენ, ილანძღებოდნენ, იფურთხებოდნენ, მანქანას ურტყამდნენ ძალიან ძლიერად, ახტნენ კაპოტზე. წინ ამიტომაც არის თამთას მანქანა დაზიანებული. ურტყამდნენ ძალიან ძლიერად შუშას. იმუქრებოდნენ, რომ გადმოგვათრევდნენ, გვცემდნენ და ა.შ.“ - განაცხადა გიორგი გაბუნიამ და აღნიშნა, რომ მანქანის კარი ჩაკეტილი რომ არ ყოფილიყო, მას აუცილებლად ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ.
გიორგი გაბუნიას გარდა, გამოკითხვაზე იმყოფებიან ასევე რუსთავი2-ის სხვა ჟურნალისტები, დაცვის სამსახურის და ადმინისტრაციის თანამშრომლები.
„არავის არა აქვს უფლება, ასეთი მეთოდებით არჩიოს საქმეები ტელეკომპანიის წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან. ეს არის რამდენიმე ნიშნის შემცველი დანაშაული. ქონების დაზიანებით დაწყებული ძალიან ბევრი ნიშანი იკვეთება, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი და შემაშფოთებელი ჩემთვის ამ ამბავში არის ის, რომ ამ ადამიანებს ეძლევათ თავისუფლად მოქმედების საშუალება,“ - განაცხადა პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა.
მომხდარის დეტალებს იხსენებს ჟურნალისტი თეა ადეიშვილიც, რომელიც ამბობს, რომ ქართული მარშის წევრები ცდილობდნენ, რუსთავი2-ში შემოჭრილიყვნენ.
„უფრო შიშმა შემიპყრო მაშინ, როდესაც მანქანამ მოახერხა რაღაცნაირად ეზოში შესვლა და მთელი ეს ქართული მარშის ტალღა წამოვიდა რუსთავი2-კენ. ცდილობდნენ, შეჭრილიყვნენ და რაღაც მომენტში ჩვენმა ჟურნალისტმა დაინახა, რომ ლადო სადღობელაშვილი იყო ჭიშკართან და ყვიროდნენ, დააკავეთ, დააკავეთ არ შეუშვათ და პატრულმა გაანეიტრალა,“ - განაცხადა თეა ადეიშვილმა.
თავდასხმა რუსთავი2-ის ჟურნალისტებზე გუშინ მოხდა. ე.წ. ქართული მარშის წევრებმა ალყაში მოაქციეს მანქანა, რომელშიც გიორგი გაბუნია იჯდა და ცდილობდნენ, მას ფიზიკურად გასწორებოდნენ. მათ ასევე დაზიანებები მიაყენეს ჟურნალისტ დავით ერაძეს.