აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა საქართველოს პარლამენტს მიმართავს და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდის წევრად ია მამალაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
მიმართავში აღნიშნულია, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტუტიტი ჩვენს ქვეყანაში, მრავალი გამოწვევის წინაშეა. სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმა არაერთგზის ამახვილებდა ყურადღებას მაუწყებელთან დაკავშირებულ პრობლემებზე და განვითარების შესაძლებლობებზე. პრობლემათა დასაძლევად კი, არსებითად მნიშვნელოვანია, მჭიდრო კავშირის განმტკიცება სამოქალაქო საზოგადოებასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის და ამ ჭრილში, განსაკუთრებულია მეურვეთა როლი".
ამ ფუნქციის შესასრულებლად კი ეროვნული პლატფორმა ყველაზე ღირსეულ კანდიდატად ია მამალაძეს მიიჩნევს.
"ქალბატონი ია მამალაძე საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც მედიაპროფესიონალი, წარმატებული რეგიონული მედიაორგანიზაციის დამაარსებელი. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა რეგიონული მედიის ასოციაციას და დღესაც მჭიდრო კავშირი აქვს მედიაორგანიზაციებთან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საქმიანობენ, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. მას აქვს მედიის განვითარების ხელშემწყობი არაერთი საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელობის გამოცდილება, არის არაერთი მედიაკვლევისა და ჟურნალისტური სასწავლო მოდულის ავტორი.
"ამიტომ, ეროვნული პლატფორმა დეპუტატების წინაშე წარადგენს ღირსეულ კანდიდატს ქალბატონ ია მამალაძეს, რომელმაც კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო კომისიისგანაც ერთსულოვანი აღიარება მოიპოვა," - ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვას ხელს 37 ორგანიზაცია აწერს, მათ შორის: ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი (JRC); ლიბერალური აკადემია თბილისი (LAT); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); თავისუფალი არჩევანი; სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი; სამოქალაქო განათლებისა და ადამიანის უფლებათა ცენტრი; საქართველოს გეოსტრატეგიული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; მრავალეროვანი საქართველო.