18 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
საჩივრები დევდარიანის წინააღმდეგ - ქალთა უფლებების დასაცავად სამოქალაქო სექტორი სამართლებრივ ბრძოლას იწყებს

ქალთა უფლებების დასაცავად სამოქალაქო სექტორი სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია - საფარი, საია და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის საჩივარს უკვე ამზადებს, რასაც სახალხო დამცველს გადაუგზავნიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას ხელმძღვანელს, ზვიად დევდარიანს, მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ის ომბუდსმენმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინა.

საქმის შესწავლა უკვე დაიწყო სახალხო დამცველმაც, რომელიც პირადად შეხვდა სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლ ქალებს.

ნინო ლომჯარიას თქმით, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია სექსუალური შევიწროების და ძალადობის ნიშნებს შეიცავს.

ბრალდებებზე ზვიად დევდარიანი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს. მან მძიმე ბრალდებების საპასუხოდ განცხადება გაავრცელა და ძალადობის ფაქტები უარყო და საკუთარი უფლებების დასაცავად სამართლებრივი ბრძოლა დაანონსა.

სამოქალაქო განვითარების სააგენტო, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც არის ზვიად დევდარიანი, ხუთშაბათს გამგეობის სხდომას გამართავს. ერთ-ერთი საკითხი, სავარაუდოდ, ეს საქმეც იქნება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ორგანიზაცია, სხდომის შემდეგ გაირკვევა.

სამოქალაქო სექტორი მთავარ პრობლემად, რის გამოც ხშირია სექსუალური შევიწროების ფაქტები, საკანონმდებლო ხარვეზს ასახელებს. მათი თქმით, ანტიდისკრიმინაციულ კანონში სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად უნდა შეფასდეს. შესაბამისი ინიციატივა პარლამენტში უკვე წარდგენილია.

არასამთავრობოები ასევე არ გამორიცხავენ, რომ სექსუალური შევიწროებაში სხვა, მათ შორის, თანამდებობის პირებიც ამხილონ.

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები