არჩილ ტატუნაშვილის ცხედართან ერთად, ქართულ მხარეს დოკუმენტური მასალაც გადმოეცა, თუმცა კონკრეტულად რა მასალებია ეს და რამდენად გამოადგება ის გამოძიებას, ამაზე ქართულ მხარეს საუბარი უჭირს.
როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა, განაცხადა, შუამავალი ორივე მხრიდან იყო წითელი ჯვარი.
„ჩვენ კონტაქტი გვქონდა მხოლოდ და მხოლოდ წითელ ჯვართან. ცხინვალის მხრიდანაც წითელი ჯვრის მიერ მოხდა გადმოსვენება, გადაცემა ჩვენი მხრიდან შესული წითელი ჯვრის წარმომადგენლებისთვის და უკვე წითელმა ჯვარმა გადმოგვცა ჩვენ, როგორც მასალები, ისე მიცვალებულის ცხედარიც,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს.