„მთავარი დღევანდელი საღამოსი არის ის, რომ ცხედარი დაუბრუნდება ოჯახს. ცხედარი უკვე არის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე,“ - ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით გააკეთა.
სუს-ის ინფორმაციით, ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც ის ოჯახს გადაეცემა.
„როგორც კი მოხდა ეს ინციდენტი, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ყველა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი აამოქმედა, მათ შორის საერთაშორისო მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა, რომ ოჯახს ცხედარი, რაც შეიძლება, მალე დაბრუნებოდა. ცხედარი ახლა მიემართება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, რათა ჩაუტარდეს შესაბამისი საექსპერტო პროცედურები, ამის შემდეგ ის უკვე გადასვენებული იქნება ოჯახში,“ - აღნიშნა ქემოკლიძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არჩილ ტატუნაშვილის საქმეს სიღრმისეულად სწავლობს.
„ამ საკითხს სიღრმისეულად ვსწავლობთ. უნდა მოხდეს საკითხის სიღრმისეული და გამჭვირვალე გამოძიება და, თუ გამოიკვეთნენ ის პირები, რომელთაც გარკვეული დანაშული მიუძღვით, უნდა დაისაჯონ,“ - აღნიშნა კახაბერ ქემოკლიძემ.