ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე რუსთავი2-ზე და ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.
ტარიელ ნაკაიძე მიიჩნევს, რომ გიორგი გაბუნიას განცხადებაში რელიგიური გრძნობების შელახვას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის და მსგავსი ფაქტები მოხდა მოხისშიც, ჭელაშიც და ა.შ.
ტარიელ ნაკაიძის შეფასებით, ასეთი შემთხვევების წახალისება ხდება სახელმწიფოს მხრიდან.
„ის, რაც ვნახე, ძალიან აღმაშფოთებელი იყო. შესაძლებელი იყო აქ ფიზიკური ზიანის მიყენების სერიოზული შანსები. რაც შეეხება რელიგიურ გრძნობების შეურაცხყოფას, ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი მიდგომა, რას მიიჩნევს შეურაცხყოფად.
„ღმერთი არავის ავალდებულებს, რომ დაიცვას ღმერთი. ღმერთი ავალდებულებს ადამიანს, რომ სხვა ადამიანს აუხსნას ჭეშმარიტება და სწორი მიმართულება მისცეს. ეს არის მთავარი მესიჯი, რომ ადამიანი ადამიანის მიმართ იყოს სიყვარულით გამსჭვალული,“ - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
მისივე შეფასებით, ღმერთის სახელით ვინმეს დასჯა რელიგიურადაც არასწორია.