არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ახალგორიდან, მკვლელობიდან 26-ე დღეს გადმოასვენეს. ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ ცხედარი ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად ქართულ მხარეს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლების თანდასწრებით გადასცეს.
რა წერია ცხინვალის მიერ გადმოცემულ დასკვნაში სიკვდილის მიზეზებთან დაკავშირებით - დეტალები ამ დრომდე უცნობია - დოკუმენტი წითელმა ჯვარმა შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გადასცა, თუმცა ოკუპირებულ რეგიონში ტატუნაშვილის დაღუპვის მიზეზად გულის უკმარისობას ასახელებენ. მანამდე კი ამტკიცებდნენ, რომ მისი გარდაცვალება კიბეზე დაგორებას უკავშირდებოდა. გადმოსვენების პროცესს მთავრობის წევრების გარდა სახალხო დამცველიც ესწრებოდა.