„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხალხის ქონება, სახელმწიფოს ბიუჯეტის ქონება ჩვენ გამოვგლიჯეთ ბიძინა ივანიშვილის ხელიდან,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ აუქციონის შედეგებით, დიდი გარდატეხა მოხდა.
„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რომელიც უნდა უთხრათ ჩვენს თანამოქალაქეებს, არ გამოვა ისე, რომ ხალხის ქონება მიიტაცოს ბიძინა ივანიშვილმა,“ - ამბობს დეკანოიძე.
პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია და ეს გუშინ ნათლად გამოჩნდა.
„მივიყვანთ ბოლომდე იმ კუთხით, რომ „RMG Gold“-ს მოუწევს ხალხის ინტერესების გათვალისწინება, მოუწევს გარემოს დაცვით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, მოუწევს ჰაერის და ნიადაგის დაბინძურებაზე პასუხისმგებლობა. მოუწევს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინება,“ - აღნიშნა ვაშაძემ.
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ხელისუფლებაში დაბნეულობაა.
შეგახსენებთ, რომ დმანისში ჩატარებულ 10-საათინ აუქციონში „RMG Gold“-ი დამარცხდა. 16 ჰექტარი მიწა იჯარით მის ერთადერთ კონკურენტს “დმანისის გადარჩენის ფონდს” გადაეცა. ფონდში 14 პარტიაა გაერთიანებული.
ტერიტორია რეკორდულ ფასად, 5 მილიონ 56 ათას ლარად იჯარით გაიცა.