დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივების განცხადებით, კორპუსი საცხოვრებელი სახლების ეზოში პატარა ტერიტორიაზე შენდება, რის გამოც მანქანით გადაადგილება იზღუდება და ბავშვებისთვის სათამაშო ადგილი აღარ რჩება.
ადგილზე მოსახლეობის პრობლემებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ზალიკო უდუმაშვილი გაეცნო. ის მერიას მშენებლობის შეჩერებისა და ადგილზე სკვერის გაშენებისკენ მოუწოდებს.
„კორპუსი პირდაპირ სავალ გზაზე არის აშენებული. ვინ გასცა საერთოდ ნებართვა, რომ სავალ გზაზე შეიძლებოდა 12 სართულიანი კორპუსის ჩადგმა ისე, რომ მოსახლეობას გასავლელი გზა არ აქვს და დიდი მანქანა ვეღარ შემოდის ფიზიკურად ეზოში, სასწრაფო დახმარების მანქანას უჭირს შემოსვლა. ამ კორპუსს უკვე არაფერი ეშველება, რადგან აშენებულია, მაგრამ ახლა აქ იგეგმება კიდევ ანალოგიური კორპუსის ჩადგმა. შევისწავლით ყველაფერს, რამდენად კანონიერ მიმდინარეობს მშენებლობა. მერიას კი მოვუწოდებ, რომ ადგილმონაცვლეობა მაინც გააკეთოს და ადგილობრივ მოსახლეობას ერთი სკვერი მაინც გაუკეთოს“,- განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.