მერია გადაწყვეტილებას არ ცვლის. „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაუქმების ვადები აღარ გადაიხედება. მერიას დღეს „სითი პარკმა “ მოუწოდა უარი თქვას ხელშეკრულების გაუქმებაზე იმ დრომდე, ვიდრე სასამართლოში კონკრეტული დავები არ დასრულდება.
კომპანიის იურისტებმა მერიას განცხადებითაც მიმართეს. მათი თქმით, ის შენიშვნები, რომლის საფუძველზეც მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება გააუქმა, სასამართლოშია გადაგზავნილი და მუნიციპალიტეტი ვალდებულია დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
„იმ პირობებში, როცა სასამართლოს განხილვა არ დაუსრულებია, წარმოუდგენლად გვეჩვენება თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, გამოდის, რომ „სითი პარკს“ ერთმევა საშუალება თავისი უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები გამოიყენოს, ისარგებლოს კონსტიტუციით, საერთაშორისო აქტებით, საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული საპროცესო უფლებებით და დაამტკიცოს სასამართლო წესით, რომ ეს არ არის სწორი შენიშვნები თბილისის მერიის მხრიდან,“ - აღნიშნა კომპანიის ადვოკატმა ნათია წკეპლაძემ.
კომპანიის მოთხოვნას თბილისის მერმა კახა კალაძემ უპასუხა.
„არანაირი სასამართლო დავა არ მიმდინარეობს. მათი სარჩელი, როცა მათ შეიტანეს, მაშინ არ იქნა დაკმაყოფილებული. არანაირი გადავადება, ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, 10 აპრილიდან საქმიანობას შეუდგება თბილისის სატრანსპორტო კომპანია," - ამბობს კალაძე.