18 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
მორიგი დაპირისპირება "სითი პარკსა" და თბილისის მერიას შორის - კომპანია კახი კალაძეს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს

„სითი პარკის“ იურისტები თბილისის მერს ხელშეკრულების შეწყვეტის გადავადებას სთხოვენ. ოფიციალურ წერილში, რომელიც კახი კალაძის სახელზე მერიაში დღეს შევიდა, „სითი პარკი“ მოითხოვს, სასამართლო დავების დასრულებამდე დედაქალაქში პარკირების კონტროლი ისევ მის ხელში დარჩეს.

კომპანიის იურისტები ფიქრობენ, რომ უკანონოა ხელშეკრულების გაწყვეტა მანამ, ვიდრე სასამართლო არ დაადგენს, დაარღვია თუ არა კომპანიამ მერიის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.

„სითი პარკის“ წერილობით მოთხოვნას ზეპირი უარით უპასუხა თბილისის მერმა. კახი კალაძის მტკიცებით, „სითი პარკთან“ მერიას ახლა სასამართლოში არანაირი დავა არ აქვს და შესაბამისად, არც სამართლებრივი საფუძველი გააჩნია კონტრაქტის შეწყვეტის ვადა შეცვალოს. თუმცა დოკუმენტებით, რომელიც უცხოურმა კომპანიამ გაასაჯაროვა, ირკვევა, რომ მერიასა და „სითი პარკს“ შორის დავა სასამართლოში იანვრიდან მიმდინარეობს. დავის საგანი კი „სითი პარკის“ მიერ შეუსრულებელი ვალდებულებებია.

ოპოზიცია თბილისის მერს გადაწყვეტილების საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით მიღებაში ადანაშაულებს. რაც მათი განცხადებით, შესაძლოა, თბილისელებს საკმაოდ ძვირი დაუჯდეთ.

მარტის ბოლოს "სითი პარკის" ერთ-ერთ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო სავარაუდოდ გადაწყვეტილებას გამოიტანს. იმ შემთხვევაში, თუ დავა კომპანიის სასარგებლოდ დასრულდა, მაშინ თბილისის მერიას არჩევანი აქვს, ან კომპენსაციის სახით „სითი პარკს“ მილიონები გადაუხადოს, ან ხელშეკრულება მასთან ისევ გააგრძელოს.

დღის ამბები