ოპოზიციური გაერთიანება დმანისის გადასარჩენად ახალ კამპანიას იწყებს. ფონდმა უკვე მიმართა ეკონომიკის სამინისტროს და აუქციონზე მოგებული 16 ჰექტარ მიწის ფართობზე დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა.
თუმცა, მანამდე ოპოზიციონერებს რამდენიმე მცდელობა დასჭირდათ, რომ ოფიციალური მოთხოვნა ადრესატისთვის ვიცე პრემიერ დიმიტრის ქუმსიშვილისთვის გადაეცათ.
ჭოველიძის 10 ნომერში მისულებმა კი გაარკვიეს, რომ სამინისტრო ორი დღეა ამ შენობაში აღარ არის და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის განცხადება სხვა მისამართზე უნდა მიეტანათ.
სანამ ოპოზიციონერები ეკონომიკის სამინისტროს მისამართს არკვევდნენ, ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა დმანისის გადარჩენის ფონდის განცხადება თვითონ ჩაიბარა.
ქუმსიშვილის უწყებამ კი მხოლოდ ამ დაპირისპირების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში შეცვალა სამინიტროს ვებსაიტზე მისამართი და ის ჭოველიძის ქუჩის ნაცვლად, სანაპიროს ქუჩით ჩაანაცვლა.
განცხადებით კი ფონდის წევრები დიმიტრი ქუმსიშვილისგან, დმანისის 16 ჰექტარის მიწის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ითხოვენ. "დმანისის გადარჩენის ფონდმა" ეკონომიკის სამინისტროს აუქციონი გუშინ მოიგო და „RMG Gold“-ს 16 ჰექტარი მიწა არ დაუთმო. 15 000 ლარად შეფასებული ტერიტორია, ვაჭრობის შემდეგ 5 მილიონზე მეტად გაიყიდა.
დმანისის გადარჩენის ფონდში 14 პოლიტიკური ოპოზიციური პარტიაა გაწევრიანებული.
დმანისის გადარჩენის ფონდს 45 დღიანი ვადა აქვს იმისათვის, რომ ეკონომიკის სამინისტროს იჯარის 5 056 320 ლარი გადაურიცხოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება გაუქმდება. პოლიტიკური პარტიები უახლოეს დღეებში ფონდის ანგარიშის ნომერის გამოცხადებასა და საჭირო თანხის შეგროვებას მოქალაქეებთან ერთად აპირებენ.
ავტორი: ნატა კვირჩილაძე