წილკანში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება-ტატუნაშვილების სახლთან ხალხის ნაკადი არ წყდება.
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში სამძიმარზე მისულთა შორის არიან შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ოკუპირებული ტერიტორიიდან სპეციალურად სამძიმრისთვის გადმოსული ადამიანები, სპორსტმენები, სასულიერო პირები.
სახლთან კი, სადაც გმირი ჯარისკაცის ცხედარია დასვენებული, ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული დგას, აღმართულია საქართველოს ეროვნული დროშა.
ცოტა ხნის წინ ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ წევრებმა.
პანაშვიდზე იმყოფებოდნენ წილკნის საჯარო სკოლის უფროსკლასელები და მათი პედაგოგები. როგორც სკოლის დირექტორი ლეილა ტაველური ამბობს, მოსწავლეებმა თავად გამოთქვეს სურვილი ერთობლივად წასულიყვნენ პანაშვიდზე და პატივი მიეგოთ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისთვის.
„გმირულად დაიღუპა მთელ საქართველოს დაგვაკლდა. მთელი ჩვენი სკოლა და საქართველო მწუხარებას გამოვთქვამთ. ყველა დედას დააკლდა, რა თქმა უნდა, ეს გმირი ქართველი,“ - ამბობს წილკნის საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ბერიკიშვილი.
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. პანაშვიდზე ვეტერანი სპორტსმენებიც იმყოფებოდნენ.
„ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, ტატუნაშვილი არის ნამდვილად თანამედროვე საქართველოს გმირი. მისი სახელი სულ იქნება ჩვენს ისტორიაში,“ - ამბობს ვეტერანი ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე.
ოჯახს მიუსამძიმრა ”ლოიალ კაპიტალ გრუფის” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ.
„ჩვენი ვალია ვიყოთ აქ და თითოეულს რაც შეგვიძლია ის გავაკეთოთ, მაგრამ ეს როდესღაც უნდა დასრულდეს,“ - ამბობს ფიფია.