ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით შსს-მ საქმე აღძრა. 9 წლის გოგონას დედა ამბობს, რომ მის შვილს ბოლო რამდენიმე დღეა დაუდგენელი პირები ურეკავდნენ და საშიშ ინტერნეტ თამაშში „ლურჯ ვეშაპში" ჩართვას აიძულებდნენ, ამის სანაცვლოდ კი ფულს სთავაზობდნენ.
გოგონას დედა ამბობს, რომ ერთ-ერთ ასეთ საუბარს თავად შეესწრო და მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს აცნობა. გოგონა და მისი ოჯახის წევრები სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს. საქმე 115-ე მუხლით აღიძრა.
„ტელეფონმა დარეკა და აიღო სამშაბათს საღამოს. გავიგონე, რომ მე ლურჯი ვეშაპი არ ვიციო.. ლურჯი ვეშაპი რომ გავიგონე ვეცი ჩემ შვილს ხელებში. ტელეფონი გამოვართვი, ალო ალო მეთქი და გამითიშა ჩემი ხმა რომ გაიგონა. სკოლაშიც კაცი დალაპარაკებია ქართველი და იმას უყვირია შე ცუდო ბავშვო, ჩვენ რომ გეუბნებით ყურადღებას რატომ არ გვაქცევო,“ - ამბობს არასრულწლოვნის დედა.