„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ ნარკოტიკულ დანაშაულებებთან დაკავშირებით ანგარიში აქვეყნებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, 2016 წელთან შედარებით 2017 წელს გაზრდილია გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, თუმცა შეიმჩნევა ტენდენცია, როდესაც ეს გამამართლებელი განაჩენები ძირითადად გახმაურებულ საქმეებზე დგება. რიგითი ფაქტები კი კვლავ ძველი სტანდარტებით ხდება.
„გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებში აბსოლუტურად განსხვავებულია მართლმსაჯულების განხორციელების სტანდარტი რიგით საქმეებთან მიმართებით. ეს გარკვეულწილად შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებსაც აჩენს ქვეყანაში, რაც სერიოზული პრობლემაა.
თუკი გახმაურებული საქმის ბრალდებულს სასამართლოში ელოდება უფრო მეტი გარანტია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო და სასამართლო უფრო კრიტიკულად უყურებს ამ საქმეს, მათ შორის სამართალდამცავების მოქმედებას ამ საქმეში, ეს სტანდარტი ჩვენ ვერ ვნახეთ რიგით სისხლის სამართლის საქმეებში“-ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული.