დიდი დმანისის მკვიდრი, მურაზ მარტიაშვილი ამტკიცებს, რომ დმანისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, შოთა აკობაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა. მურაზ მარტიაშვილის თქმით, დაპირისპირებამდე დეპუტატი ითხოვდა, რომ მარტიაშვილს საკუთარ მიწის ნაკვეთზე ხშირად სიარული შეეწყვიტა.
დიდი დმანისის მკვიდრს კუთვნილ სამეურნეო ნაკვეთამდე მისასვლელად იმ ტერიტორიის გავლა უწევს, სადაც კომპანია RMG-მ სამუშაოები დაიწყო. მმართველი გუნდის წევრი მურაზ მარტიაშვილს უხსნიდა, რომ RMG-ის წარმომადგენლები მისი იქ სიარულით წუხდებიან.
მარტიაშვილმა მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცავები მარტიაშვილს დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ. ის პოლიციაში ადგილზე ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.
ბრალდებებისთვის დღეს შოთა აკობაშვილს არ უპასუხია. დმანისელების ნაწილი „კურიერის“ გადამღებ ჯგუფთან თავად მივიდა და მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელ ინციდენტს არ შესწრებიან, ამბობდნენ, რომ მათ დეპუტატს პირველად მარტიაშვილმა დაარტყა.
ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატს დღეს დმანისის მერიც გამოესარჩლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ცემის მუხლით დაიწყო. დმანისის პოლიციაში დღეს ორივე მხარე გამოკითხეს და შესაბამისი ექსპერტიზაც უკვე დანიშნეს.