ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში უცნობი ქალი, შემდეგ კი მამაკაცი "ლურჯი ვეშაპის" თამაშს არასრულწლოვანს ტელეფონით აიძულებდნენ.
8 წლის გოგონას დედამ პირადად მოისმინა, როგორ ცდილობდნენ მისი მესამე კლასელი შვილის საშიშ ინტერნეტ თამაშში ჩართვას. ზარი „ჯეოსელიდან“ ღია ნომრით დაფიქსირდა. ზარის ავტორები ქართულ და რუსულ ენაზე საუბრობდნენ.
ამის შემდეგ 8 წლის გოგონას დედამ პროცესში ბავშვის ბიძა ჩართო. ბიძა ამბობს, რომ უცნობებს მკაცრად დაელაპარაკა და ტელეფონიც მალე გაუთიშეს.
გოგონას დედა ყვება, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მის მესამეკლასელ შვილს უცნობები ურეკავდნენ და საშიშ ინტერნეტ თამაშში ჩართვას სთხოვდნენ.
დედა იხსენებს, რომ მისი შვილის ტელეფონზე ჯეოსელის ნომრიდან არაერთხელ ხან სკოლაში, ხან კიდევ სახლში დაუკავშირდნენ. იყო მუქარის შემთხვევებიც. რამდენიმე დღის წინ კი viber-ში რუსული ნომრიდან საგანგებოდ პარამეტრებიც გამოუგზავნეს, იმისათვის რომ გოგონას საშიში თამაში დაეწყო.
სამშაბათს საღამოს უცნობების სატელეფონო ზარის შემდეგ, ოჯახმა მომხდარი ქობულეთის პოლიციას შეატყობინა. სამართალდამცველებმა გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყეს. საქმეზე უკვე ფსიქოლოგის თანდასწრებით დაკითხულია თავად ბავშვი, დედა და ბიძა.
ავტორი: სოფო ჭულუხაძე