18 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
ზვიად დევდარიანმა „სიდა“-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა

ზვიად დევდარიანმა „სიდა“-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა. „სიდას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ ზვიად დევდარიანის განცხადება უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.

სიდას აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ორგანიზაციის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების მენეჯერი სალომე ზურაბიშვილი დაინიშნა.

„2018 წლის 22 მარტს გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას გამგეობის სხდომა, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, გამგეობის წევრებმა აღმასრულებელი დირექტორის შეცვლის საკითხიც განიხილეს. გამგეობამ ერთხმად დააკმაყოფილა ზვიად დევდარიანის განცხადება უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით და სიდას აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნა ორგანიზაციის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების მენეჯერი სალომე ზურაბიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები: სოფიკო შუბლაძე (გამგეობის თავმჯდომარე), კონსტანტინე მაღრაძე, ზურაბ ვასაძე, აგიტ მირზოევი და თამარ გერმანაშვილი.

სიდას გამგეობა გმობს სექსუალურ და ნებისმიერი სხვა სახის შევიწროებასა და ძალადობას და შეშფოთებულია შექმნილი ვითარებით. გამგეობის წევრები სრულად აცნობიერებენ, რომ ძალადობისა და სექსუალური შევიწროების შესაძლო ფაქტები, რაც უკავშირდება სიდას ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ჩრდილს აყენებს არა მხოლოდ ორგანიზაციას, არამედ მთლიანად სამოქალაქო სექტორს.

გამგეობის წევრებმა, ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევებიდან და საზოგადოებაში არსებული კითხვებიდან გამომდინარე, სიდას სამომავლო განვითარების სწორი მიმართულებით წარმართვის საჭიროების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ორგანიზაციის ახალი აღმასრულებელი დირექტორის შესარჩევად ღია კონკურსის ჩატარებას, რომელშიც გამგეობის წევრებთან ერთად, მხარდამჭერი და პარტნიორი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

გამგეობის წევრების განცხადებით, სიდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, გამოცდილი და ეფექტიანი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურია მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის, საჯარო პოლიტიკის მონიტორინგის, კორპორაციული პასუხისმგებლობის თუ სხვა მიმართულებებით. მას ჰყავს პროფესიონალი და გამოცდილი პერსონალი. შესაბამისად, აუცილებელია ორგანიზაციის მიმდინარე პროექტების და მიმართულებების შენარჩუნება და ტრანზიციის პერიოდის უმტკივნეულოდ გავლა,“ - აღნიშნულია „სიდას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები