18 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
ტატუნაშვილის ოჯახს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მიუსამძიმრა

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში სამძიმრის გამოსაცხადებლად საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ჩავიდნენ.

 „ის თანამედროვე საქართველოს გმირია და მთელი საქართველოს შვილია. მთელი საქართველოსთვის ძალიან დიდი ტკივილი არის. ბიჭები ძალიან განვიცდიდით, რადგან ყველანი ვართ გაერთიანებული საქართველოს გაერთიანებისა და მშვიდობისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰყავს ასეთი გმირები“- ამბობს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრი ნიკა კვეკვესკირი.

ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად არჩილ ტატუნაშვილისთვის პატივის მისაგებად  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

„ყველა ფეხბურთელის მოქალაქეობრივი ვალია, მოვიდნენ ჩვენთან ერთად. მივუსამძიმრეთ ოჯახის წევრებს,  საქართველომ არჩილ ტატუნაშვილის სახით გმირი დაკარგა...“-ამბობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი.

ამ დრომდე არ წყდება სოფელ წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სახლთან იმ პირების მისვლა, რომლებსაც ოკუპანტების მიერ მოკლული ტატუნაშვილის ხსოვნისთვის პატივის მიგება სურთ.

ცხინვალის ციხეში ოკუპანტების მიერ მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს, ხვალ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. ტატუნაშვილის სახლთან მის დაკრძალვამდე იდგება ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული.

დღის ამბები