საქალაქო სასამართლოში, სადაც „რუსთავი2“-ზე განხორციელებული თავდასხმის გამო „ქართული მარშის“ დაკავებული წევრების პროცესი მიმდინარეობს, აქტივისტებმა ილოცეს.
მოსამართლის დარბაზში გამოჩენისას ბრალდებულებმა და მათ მხარდასაჭერად მისულმა წევრებმა დარბაზში ლოცვა დაიწყეს და “მამაო ჩვენო” ერთხმად წარმოთქვეს.
სხდომის მიმდინარეობისას მცირე ინციდენტიც მოხდა. მაშინ, როცა პროკურორი ბრალდების შესახებ საუბრობდა „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ხმამაღალი რეპლიკით დარბაზიდან მიმართა მოსამართლეს, რასაც მოჰყვა მისთვის გაფრთხილების მიცემა.
„რუსთავი 2“- თან განვითარებული მოვლენების შედეგად, სულ 6 პირია დაკავებული. ყველა მათგანს გამოძიება 239-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც ჯგუფურად წინასწარ დაგეგმილ ხულიგნობას გულისხმობს. ორ მათგანს ბრალი დაუმძიმდა.
ლუკა ნაცვლიშვილს დამატებით სხვისი ნივთის დაზიანებას, გოგა ონიანს კი ცემასა და ძალადობას ედავებიან.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.