„როდესაც ასეთი რამე ხდება, ვისი ბრალიც არ უნდა იყოს კონკრეტულად, მეც ვგრძნობ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ეს ხალხი დაშავდა. შესაბამისად, მივიღე ეს გადაწყვეტილება და არა იმიტომ, რომ ვინმემ ზემოდან მიბიძგა“,- ეს განცხადება, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის უკვე ყოფილმა მოადგილემ, ირაკლი ჭირაქაძემ გააკეთა. ის გუდაურში საბაგიროს დაზიანების შესახებ ექსპერტიზის წინასწარ დასკვნას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ექსპერტიზის წინასწარი დასკვნის გასაჯაროების შემდეგ, მას არ ჰქონდა მორალური უფლება, რომ დაკავებულ თანამდებობაზე კვლავ დარჩენილიყო.
„ყველა იყო იდეალურ მდგომარეობაში, გამართული, შესაბამისად, იმის ეჭვი, რომ ვთქვათ, რაღაც ტექნიკური ხარვეზი იყო, ამ ყველაფერს აკეთებენ ჩვენი თანამშრომლები ყოველწლიურად წელიწადში ორჯერ. ამიტომ, მაგათ კვალიფიკაციაზე ეჭვის შეტანა ზედმეტია. რაც შეეხება, ერთმა დაუშვა თუ რამდენიმემ, მაგას ვერ გეტყვით ჯერჯერობით იმიტომ, რომ ჯერ კიდევ გამოძიება მიმდინარეობს“,- განაცხადა ირაკლი ჭირაქაძემ.