საერთაშორისო ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, რომლის მიხედვით, გუდაურში საბაგიროს დაზიანების პირველადი მიზეზი ძაბვის ვარდნა და ოპერატორის არასწორი რეაგირება იყო, „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დამატებითი განცხადება გაკეთდა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ გუდაურში 16 მარტს ძაბვის ვარდნასთან დაკავშირებით შეფერხება არ მომხდარა.
„სრული პასუხისმგებლობით ვადასტურებთ, რომ 16 მარტს საბაგირო-საძელეზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით „ენერგო-პროს“ ქსელში რაიმე ავარიას, ძაბვის ცვლილებას ან სხვა პარამეტრის ცვლილებას ადგილი არ ჰქონია. თუკი აღნიშნული ავარია გამოწვეული გახლდათ თავად საბაგიროს საკუთარ ელექტროგამანაწილებელ ქსელში რაიმე დაზიანებას, ამასთან დაკავშირებით ასევე გაგიმარტავთ, რომ „ენერგო-პრო-ჯორჯია“ არ ახორციელებს არც ფაქტობრივ, არც ფორმალურ ოპერირებას და ექსპლუატაციას აღნიშნული ქსელისას. არავითარი კავშირი ჩვენ მათ ქსელთან არ გაგვაჩნია. ამ ქსელის მოვლა-პატრონობას, ექსპლუატაციას თავად საბაგიროს პერსონალი ახორციელებს“,- განაცხადა «ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გივი ჯღარკავამ.