ჟურნალისტი გიორგი ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ მუქარის შემცველ ანონიმურ შეტყობინებებს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები უგზავნიან. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ზურაბიშვილის შვილს ემუქრებიან, რომ ქვეყანის ნარკოპოლიტიკის გაპროტესტება შეწყვიტოს.
გიორგი ზურაბიშვილზე კიბერშეტევა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული საჯარო განცხადების შემდეგ დაიწყო, სადაც მან რეპრესიულ ნარკოპოლიტიკა გააპროტესტა.
მუქარისა და შანტაჟის შემცველი ტექსტური შეტყობინებები გიორგი ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელშივე გაასაჯაროვა. ის ამბობს, რომ ამის მიუხედავად, ზეწოლა გრძელდება. ყველა ეს გზავნილი ჟურნალისტმა დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა, სადაც ის გენინსპექციამ გამოკითხვაზე დაიბარა.
უწყებაში აცხადებენ, რომ შეტყობინებების ავტორების დადგენას შეეცდებიან.
დავით ზურაბიშვილი ვარაუდობს, რომ მისი შვილისთვის გაგზავნილი ანონიმური მუქარის უკან ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები დგანან.
გიორგი ზურაბიშვილს იურიდიულ კონსულტაციას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უწევს.