რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა ამ დრომდე აკრძალულია. ავტოსაგზაო შემთხვევას რიკოთის უღელტეხილზე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. ჯერჯერობით, გარდაცვლილის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.
მაშველები ცეცხლმოდებულ ავტომობილს ვერ უახლოვდებიან. როგორც საგანგებო სიტუაციები მართვის სააგენტოს იმერეთის სამმართველოს უფროსმა, ვლადიმერ ჯღამაძემ განმარტა, არსებობს აფეთქების საშიშროება.
უსაფრთხოების მიზნით ავარიის შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რესტორან „ედემიდან“ სტუმრების ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ ხევში გზის სავალ ნაწილზე მოძრავ ბუნებრივი აირით დატვირთულ სატვირთო ავტომანქანას ცეცხლი, დაახლებით, 18 საათზე მოეკიდა.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ნაცვლად მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზით ხორციელდება.