18 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს - მოკლული ჯარისკაცი სამხედრო პატივით დაკრძალეს

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ქართველი ჯარისკაცის ცხედარი წეროვანში, დევნილების აშენებულ ტაძარში, გადაასვენეს. მოკლულის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მონასტრის მსახურებმა გადაიხადეს.

არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდში სამხედრო სასაფლაოზე სრული სამხედრო პატივით დაკრძალეს. ქართველი ჯარისკაცი 2008 წლის ომის გმირებთან დაასაფლავეს და ამით მისივე ანდერძი შესრულდა. საპატიო ყარაულმა ცერემონიალი სამხედრო ზალპით დაასრულა. დროშა კი, რომლითაც გმირი ჯარისკაცი სამარემდე მიაცილეს, მამას გადასცეს.

სამხედრო ღირსების ორდენი არჩილ ტატუნაშვილმა სიკვდილის შემდეგ მიიღო. ჯილდო ოჯახს საქართველოს პრეზიდენტმა გადასცა.

არჩილ ტატუნაშვილი და მისი 2 მეგობრი საოკუპაციო რეჟიმმა 22 თებერვალს დააკავა. 23 თებერვალს კი ყოფილი ქართველი სამხედროს გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ცნობა. 26-დღიანი ლოდინის შემდეგ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით, მოკლულის ცხედარი ოჯახს 20 მარტს დაუბრუნდა.    

 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები