კომპანია მწვანე ეზოს მფლობელი ქეთევან წამებულის ეკლესიის წინამძღვარს, მამა გიორგი რაზმაძეს, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. ლევან ჯიქური ამტკიცებს, რომ ტაძრის ეზოში მღვდელმა მოტყუებით შეიყვანა, 15-მდე ადამიანი დაახვედრა, ჯერ თავად სცემა, შემდეგ კი მორწმუნეებს მოსთხოვა, მასზე ეძალადათ.
დაპირისპირება კომპანია მწვანე ეზოს მფლობელსა და მღვდელს შორის ბზისა და ყვავილების გამო დაიწყო. სასულიერო პირმა კომპანიას მონასტრის გამწვანება შეუკვეთა, ეზოში დარგული ბზა გახმა, ამის შემდეგ მამა გიორგიმ კომპანიის მფლობელს დაურეკა და თანხის უკან დაბრუნება სთხოვა. გიორგი ჯიქური მზად იყო, ფული მონასტრის წინამძღვრისათვის უკან მიეტანა, თუმცა, ვერ მოასწრო, რადგან სცემეს.
ინციდენტს მონასტრის მონაზონი დედა გეორგია პირადად შეესწრო. ლევან ჯიქურს სთხოვდა, ცემის ფაქტი არ გაეხმაურებინა. მან მებაღეს ტელეფონზე რამდენჯერმე დაურეკა, ერთ-ერთ საუბარს კურიერიც შეესწრო, რომლის დროსაც დედა გეორგიამ ლევან ჯიქურს დაუდასტურა, რომ მამა გიორგიმ ის ნამდვილად სცემა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მამა გიორგი რაზმაძე სკანდალში ეხვევა. მედიის ყურადღების ცენტრში ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი 2014 წლის აგვისტოში მოექცა, როდესაც ანაკლიაში ფესტივალ კაზანტიპის გასაპროტესტებლად ჩასული პოლიციის უფროსს ცემით დაემუქრა.
მამა გიორგი რაზმაძე იყო რომის პაპის ვიზიტის წინააღმდეგ აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორიც. მაშინ ის პრეზიდეტს დაუპირისპირდა. 2017 წლის ნოემბერში მამა გიორგი პატრიარქმა დააჯილდოვა და მიტრის ტარების უფლება მიანიჭა.
მამა გიორგი რაზმაძის ახალი სკანდალის შესახებ უკვე ინფორმირებულია საპატრიარქო.
პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი, ლევან ჯიქურს დაჰპირდა, რომ მოძალადე სასულიერო პირს სამაგალითოდ დასჯიდნენ, სანაცვლოდ კი ამბის გასაჯაროებისგან თავი უნდა შეეკავებინა, თუმცა, მისი ინტერვიუ უკვე ჩაწერილი იყო.
მამა გიორგი რაზმაძე ინციდენტის შემდეგ არც მონასტერში და არც ავჭალის ეკლესიაში არ გამოჩენილა. მან სატელეფონო კომენტარის გაკეთებაც არ ისურვა.