სოფელ რუისის მოსახლეობა ადგილობრივ მღვდელს საფლავების მოთხრაში ადანაშაულებს. ეკლესიის მიმდებარედ უკვე რამდენიმე დღეა, ძვლებია მიმოფანტული. საფლავები მუშებმა მას შემდეგ ამოთხარეს, რაც მღვდელმა, მამა გაბრიელ იმედაიშვილმა, ეკლესიის ეზოში გალავნის მშენებლობის განკარგულება გასცა.
წინაპრების გადათხრილი საფლავები რუსის მოსახლეობამ მოულოდნელად აღმოაჩინა. ამტკიცებენ, რომ მამა გაბრიელ იმედაიშვილმა წინაპართა სამარხები ისე ამოთხრა, რომ მოსახლეობასთან არც კი შეუთანხმებია.
მრევლი მღვდლის მიერ საფლავების შეურაცხყოფაზე რეაგირებას მღვდელმთავრებისგან ითხოვს.
30 საფლავის განადგურების შემდეგ, ძვლები ერთი კვირის განმავლობაში იყო მიმოფანტული. ადგილობრივების პროტესტის შემდეგ კი მღვდელმა მუშებს დაავალა, ძვლები ტომარაში მოეგროვებინათ და მიწაში ჩაემარხათ.
რუისის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა დავით ბერელაშვილმა, მომხდარის შესახებ არაფერი იცის. თუმცა, გვეუბნება, რომ მღვდლის საქციელში ვერც სასულიერო და ვერც საერო კანონის დარღვევას ვერ ხედავს.
როდის აპირებს მღვდელი გაბრიელ იმედაიშვილი მისი დავალებით საფლავებიდან ამოყრილი ძვლების გადასვენებას და საგანგებო პანაშვიდის გადახდას, უცნობია. ბოლო დღეების განმავლობაში მღვდელი არც ეკლესიაში და არც საცხოვრებელ სახლში არ მისულა.