13 წლამდე ასაკის ბავშვებში ალკოჰოლის მოხმარების მხრივ საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის მოწინავე ადგილზეა. ამ ასაკის ბავშვების 72%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიუღია ალკოჰოლი, 22%-ს კი ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისაგან ინტოქსიკაცია მიუღია.
ეს მონაცემები "ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელმა ევროპის სასკოლო კვლევამ" გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 16 წლის მოზარდების 85%-ს ალკოჰოლი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუსინჯავს.
ბავშვთა ფსიქოლოგების აზრით, კვლევის შედეგები განსაკუთრებით საშიშია.
კანონის მიხედვით, აკრძალულია არასრულწლოვნებისთვის ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს მიყიდვა, კანონდამრღვევი სავაჭრო ობიექტი კი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, 500 ლარით დაჯარიმდება.
მიუხედავად ამ საკანონმდებლო ჩანაწერისა, ალკოჰოლი მცირეწლოვნებისთვის მარტივად ხელმისაწვდომია. არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ამბობენ, რომ კანონის აღსრულება არ ხდება და კანონდამრღვევებს სანქციებიც არ ეკისრებათ.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, ბავშვებსა და მოზარდებში ალკოჰოლის საზიანო მოხმარების შემცირების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ხელისუფლებას 2016 წელს უნდა დაემტკიცებინა, თუმცა, საბოლოოდ მომზადებული დოკუმენტი აღარ დამტკიცდა. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სტრატეგიაზე მუშაობა დღემდე მიმდინარეობს.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.