არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა თბილისის პროკურორის ბრალდებებს ეხმაურება. თბილისის პროკურორის, მალხაზ კაპანაძის, თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კონკრეტული პირები სამართალდამცველებთან არ თანამშრომლობენ.
„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ ბრალდება მის მიმართ უსაფუძვლოა, რადგან სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე მოხდა ჩხუბში მონაწილე მოზარდების ბაბუის, ბორის კაკუბავას დაკითხვა.
„თბილისის პროკურორმა, მალხაზ კაპანაძემ მოიტყუა, როდესაც მან განაცხადა, რომ თითქოს, ხორავას ქუჩის საქმეზე მოწმეების მოსყიდვის ფაქტზე, დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განმცხადებელმა ანუ მე, არ ვითანამშრომლე გამოძიებასთან, რის გამოც, ისინი ვერ ახერხებენ პირების იდენტიფიცირებას და შემდგომ მათ დაკითხვას. ეს არის ტყუილი, რადგან თუ მე არ ვითანამშრომლე გამოძიებასთან, აბა, რის საფუძველზე დაიკითხა ბორის კაკუბავა? დაესიზმრათ ეს თბილისის პროკურატურაში? რა თქმა უნდა, ეს იყო მტკნარი სიცრუე,“ - განაცხადა კუპრავამ.
კუპრავა ადასტურებს, რომ გაუთქმელობის ხელწერილის გამო კაკუბავას გვარი საჯაროდ არ უნდა დაესახელებინა.
ამ საკითხზე ექსკლუზიური ინტერვიუ თბილისის პროკურორმა „შაბათის კურიერის“ მისცა. მალხაზ კაპანაძის მტკიცებით, მოზარდების მკვლელობის საქმეში ბრალდების მხარე მოწმეებზე არ მანიპულირებს და მათ ჩვენება არ შეუცვლიათ.
პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით დასტურდება, რომ დანა აღნიშნულ შემთხვევის დროს მხოლოდ და მხოლოდ იმ ორმა პირმა გამოიყენა, ვინც დღეს ბრალდებულები არიან.