18 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
"ფიქრები და ლოცვა არ გვიცავს ტყვიებისგან, რომლის ყიდვის საშუალებასაც აძლევთ"-სიცოცხლის მარში აშშ-ში

"მარში ჩვენი სიცოცხლისთვის" - შეერთებულ შტატებში იარაღზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა. მსვლელობას ვაშინგტონში პარკლენდის სკოლაში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთა თანაკლასელები და ნათესავები მიუძღოდნენ წინ. დედაქალაქის ქუჩებში ნახევარ მილიონამდე ადამიანი გამოვიდა, საერთო ჯამში კი ანალოგიური მარში მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტ ქალაქში მოეწყო. მსვლელობას მხარი დაუჭირეს პოლიტიკოსებმა და შოუ ბიზნესის ვარსკვლავებმაც. ჯორჯ და ამალი კლუნებმა კამპანიისთვის 500 ათასი დოლარი გაიღეს.

“ჩვენ უნდა შევაჩეროთ იარაღით ძალადობა. ასევე უნდა განვსაზღვროთ, რა არის ჩვენი მტერი. ჩვენ უფრო ნაკლები სამხედრო გვეღუპება, ვიდრე მსხვერპლია სკოლებში იარაღის ძალადობისგან. რატომ ვხარჯავთ ამდენ ფულს საზღვარგარეთ ომებისთვის, როცა ომი აქ გვაქვს გაუცნობიერებლად და ტერორისტები სკოლებში არიან,”-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

საპროტესტო მარშის მიზანი იყო, მიეტანათ კონგრესამდე მოთხოვნა, რომ იარაღზე ფედერალური მასშტაბით მკაცრი კონტროლი დაწესდეს. “წიგნები ტყვიების ნაცვლად, “გამოსაშვები საღამოები დასაფლავების მაგივრად” - ასეთი იყო აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილები. მსვლელობას მხარი დაუჭირა არაერთმა ცნობილმა პიროვნებამ. ნიუ -იორკის აქციაზე მისული იყო პოლ მაკარტნიც.

"ჩვენ სამუდამოდ ვიქნებით ამაყები, მაგრამ დავიღალეთ. გვინდა, რომ უსაფრთხოდ ვიყოთ. აღარ გვსურს ფიქრი და ლოცვა. თქვენი ფიქრები და ლოცვა არ გვიცავს ტყვიებისგან, რომლის ყიდვის საშუალებასაც აძლევთ თქვენი გაუმაძღრობითა და მანიპულაციებით. გვიშველეთ. დაგვეხმარეთ. დაიწყეთ დღეიდან. ჩვენ მოგიტევებთ. ჩვენ დაგანახებთ სიკეთეს, რომელიც თქვენ არასდროს გიჩვენებიათ ჩვენთვის,”-განაცხადა მსახიობმა ემი შუმერმა.

იარაღის ფლობის და ტარების უფლებას შეერთებულ შტატებში მოქალაქეებს, 1791 წელს მიღებული კონსტიტუციის მეორე ჩასწორება აძლევთ. კონგრესის კვლევის სამსახურის მონაცემებით 2009 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო პირებს 310 მილიონზე მეტი იარაღი ჰქონდათ. დედაქალაქ ვაშინგტონს ქალაქის საბჭოს მიერ მიღებული სპეციალური აქტით წლების მანძილზე ჰქონდა იარაღის შეზღუდვა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ ის არაკონსტიტუციურად მიიჩნია. 

დღის ამბები