აფრიკის დასახლებაში ნაპოვნი ცხედრის ნაწილების წარმომავლობის დასადგენად გამოძიება დაიწყო. ჯერჯერობით დაუდგენელია, ცხედრის ნაწილები ძაღლებმა უპატრონო მიცვალებულის საფლავიდან ამოთხარეს, თუ ამპუტირებული ორგანოების საცავიდან.
შემთხვევა აფრიკის დასახლებაში, ე.წ, სავანის სასაფლაოზე მოხდა, სადაც ადგილობრივებმა ცხედრის კიდურები იპოვეს, რომლებსაც ძაღლები ხრავდნენ.
„ცალკეა უპატრონოთა საფლავი და ცალკეა, საავადმყოფოდან მოტანილთა ნაწილები. ძაღლმა ან ტურებმა ეტყობა რომ ამოჩიჩქნეს მოიტანეს აქ,“-ამბობს ადგილობრივი.
ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ტერიტორია ადრე შემოღობილი იყო, თუმცა შემდეგ გაძარცვეს და ახლა ღობის გარეშეა დარჩენილი.
დამკრძალავი ბიურო "ჰერმესის" დირექტორი ამბობს, რომ ისინი პროცედურის ნორმების სრული დაცვით ახორციელებენ სხეულის ნაწილების დაკრძალვას. მიხეილ ძაგანიას თქმით, გამოძიება დაადგენს, როგორ მოხვდა ადამიანის კიდურები დასახლებასთან.
„გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რასთან გვაქვს საქმე, დასაზუსტებელია, ეს იყო თუ არა იმ ადგილიდან ეს ინციდენტი, სადაც იკრძალება ჩვენს მიერ სამედიცინო ნარჩენები.
რაც შეეხება პროცედურას, ჩვენ შესაბამისი პროცედურის დაცვით ვახორციელებთ აღნიშნულს. დანარჩენს გაარკვევს გამოძიება“-აცხადებს შპს "ჰერმესის" დირექტორი მიხეილ ძაგანია.