18 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები დაარღვია- საია

„სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ქმედებებში იკვეთება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების დარღვევა და ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები,“ – ამის შესახებ ნათქვამია „საია“-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, თამარ ბაგრატიას განცხადება შეისწავლა და პირველადი დასკვნა გამოაქვეყნა. 

თამარ ბაგრატია სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ნინო თანდილაშვილს მასზე განხორციელებულ ზეწოლაში ადანაშაულებს.

საია-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნინო თანდილაშვილმა დაარღვია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

ასევე ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია საჯარო დაწესებულებებმა სსიპ-ის ხელმძღვანელისა და მოადგილის შერჩევისას იმოქმედონ კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური შერჩევის წესის საფუძველზე და ერთპიროვნულად და უკონკურსოდ არ დანიშნონ აღნიშნული თანამდებობის პირები.

არასამთავრობო ორგანიზაცია საჯარო სამსახურის ბიუროს და საქართველოს პროკურატურას აღნიშნული ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

"აღნიშნული შემთხვევის ანალიზი ცხადყოფს, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ქმედებებში იკვეთება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების დარღვევა და ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, საჯარო სამსახურის ბიურო და საქართველოს პროკურატურა დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და სრულყოფილად გამოიკვლიონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ სსიპ-ში განვითარებული მოვლენები," - აღნიშნულია "საიას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თამარ ბაგრატიას განმარტებით, ნინო თანდილაშვილი მას აიძულებდა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილედ არაკვალიფიციური პირი დაენიშნა.  

დღის ამბები