ჭიათურაში ჩამონგრეული გვირაბიდან გარდაცვლილი მუშის ამოყვანა მხოლოდ 6 საათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ მოხერხდა. ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.
45 წლის ზაზა აბრამიშვილი მაღაროში 25 წლის განმავლობაში მუშაობდა და მისი ოჯახის წევრები ნგრევას გარდაცვლილის პირადი შეცდომის გამო გამორიცხავენ.
მუშების თქმით, მაღაროში საფრთხე სულ არსებობს და მათი თქმით, პირობები გაუმჯობესებული არ არის.
ხოლო, „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური მმართველი, ნიკოლოზ ჩიქოვანი აღნიშნავს, რომ მაღაროში ბოლო შემოწმების შედეგად, ყველაფერი წესრიგში იყო.
„ამ მაღაროზე ბოლო შემოწმება იყო დეკემბერში. მანამდე იყო აგვისტოში, დეკემბერშიც შეგვამოწმეს, შენიშვნები მოგვცეს, არაფერი მნიშვნელოვანი, რომელიც გამოვასწორეთ და ბოლო აქტი გვაქვს 25 იანვრის, რომ ამ მაღაროში ყველაფერი წესრიგშია,“ - განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.
ჩიქოვანის თქმით, მაღარო ყოველ 6 თვეში ერთხელ შრომის ინსპექციის მიერ მოწმდება. ასევე, განმარტავს, რომ ბრიგადა ყოველდღე სამუშაოს დაწყებამდე შემოწმებას გადის.
შუქრუთის მაღაროში უბედური შემთხვევა გამთენიისას მოხდა, რა დროსაც მამაკაცი ნანგრევებში მოყვა.