18 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
"მათი ამოცანა არის დესტრუქცია" - თბილისის გენგეგმა პარლამენტში ოპოზიციის გარეშე განიხილეს

თბილისის გენერალური გეგმა პარლამენტში ოპოზიციისა და გენგეგმის ავტორების გარეშე განიხილეს. მიწათსარგებლობის შესახებ მთავარ დოკუმენტზე შენიშვნები თბილისის მერმა მხოლოდ საკუთარ თანაგუნდელებს გააცნო. სხდომა დახურული იყო ჟურნალისტებისთვისაც. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის მერმა განაცხადა, გადაწყვეტილებას დოკუმენტის მიღებასთან დაკავშირებით მერია ორშაბათს მიიღებს.

„ჩვენ ვალდებული ვართ, რომ საზოგადოებას, ყველას გავაცნოთ არსებულ დოკუმენტთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა. სხვათაშორის სითი ინსტიტუტსაც ვალდებულება აქვს, რომ საჯარო შეხვედრები გამართოს ამასთან დაკავშირებით. მე ვიცი, რომ პარასკევს იმართება შეხვედრა-პრეზენტაცია, რომელსაც ისინი მართავენ და მერიის მხრიდან ჩვენ აუცილებლად დავესწრებით ამ სხდომას. დოკუმენტის გენგეგმის მიღება და არ მიღება-ამ პასუხისმგებლობას იღებს დედაქალაქის მერია. ორშაბათს ვაპირებთ მივიღოთ გადაწყვეტილება. თუ რა გადაწყვეტილება  იქნება, რა თქმა უნდა თქვენი მეშვეობით საზოგადოება გაიგებს,“-განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრას ესწრებოდა თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრი ვატო შაქარიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ იყო საშუალება დასმულიყო ყველა კითხვა, რაზეც მერისგან კითხვის ავტორებმა მიიღეს პასუხები. რაც შეეხება ოპოზიციის არ მონაწილეობას, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, უმცირესობა განწყობილია დესტრუქციული ქმედებისკენ.

„გამოჩნდა თუ რა მიზნები ამოძრავებთ მათ და ის, რომ მათ ინტერესებში ნამდვილად არ შედის  ქალაქის სტაბილური და მდგრადი განვითარება. მათი მიზანი, მათი ამოცანა არის მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქცია და მათი დესტრუქციული მოქმედებები უკვე მავნებლურ ხასიათს იძენს, შესაბამისად დღევანდელ შეხვედრაზე იყვნენ მოწვეული. რა თქმა უნდა  ჩვენ გვქონდა სრული მზაობა, ისევე როგორც გუშინ მოგვესმინა კრიტიკული შეფასებებისთვისაც,“-განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.   

დღის ამბები