დეპუტატ რევაზ არველაძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს სამოქალაქო სექტორი მკაცრად აკრიტიკებს.
საქმე ეხება მმართველი გუნდის დეპუტატის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ჯარიმები თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციებთან დაკავშირებით მცირდება ან უქმდება.
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებით, წინადადება საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის მიზნებსა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს პირდაპირ ეწინააღმდეგება.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ცვლილება აზრს დაუკარგავს ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემას, რომელიც გასულ წელს ამოქმედდა და რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული რეფორმა იყო უკანასკნელ წლებში.
„ძალიან სახიფათო და შემაშფოთებელი ინიციატივებია, რადგანაც ეხება ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემას, რომელიც გასულ წელს ამოქმედდა. ეს გაზრდის კორუფციის რისკებს, შეასუსტებს ჩვენს ანტიკორუფციულ პოლიტიკას და გარდა ამისა პირდაპირ ეწინააღმდეგება მთელ რიგ საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელიც აქვს საქართველოს მთავრობას აღებული,“-განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელმა ერეკლე ურუშაძემ.