არასაპარლამენტო ოპოზიცია „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ხელისუფლების მიმართვას ეხმაურება, სადაც მთავრობა სტრასბურგის სასამართლოს სთხოვს, რომ სამაუწყებლო კომპანია ქიბარ ხალვაშს გადაეცეს.
ოპოზიციის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ კრიტიკული მედია ხელში ჩაიგდოს.
მათი აზრით, ევროსასამართლოსთვის გაგზავნილი მოთხოვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქიბარ ხალვაშის უკან ხელისუფლება დგას.
„იუსტიცის სამინისტროს პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „რუსთავი 2-ის“ მოწინააღმდეგე მხარე არის სწორედ ხელისუფლება. ხელისუფლება წუხს, რომ სასმართლოს პრესტიჟს ზიანი მიადგა და ამიტომ ითხოვს, შეჩერების მექანიზმის გაუქმებას, არადა სწორედ საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ პოლიტიზებულმა გადაწყვეტილებებმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს საქართველოს სასამართლოს პრესტიჟს,“- განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ოპოზიცია მთავრობის მიერ ევროსასამართლოსთვის გაგზავნილ წერილში „ევროპული საქართველოს“ განცხადების არგუმენტად მოყვანასაც ეხმაურება, სადაც პარტიამ „რუსთავი“ ტყუილში დაადანაშაულა.
„ხელისუფლება ცდილობს ის მნიშვნელოვანი ბერკეტი გამოაცალოს „რუსთავი 2-ს“, რაც მან სტრასბურგის სასამართლომ დაუტოვა. ძალიან უსუსური არგუმენტია ხელისუფლების მხრიდან საკუთრი პოზიციების დასაცავად „ევროპული საქართველოს განცხადების გამოყენება,“- განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, თამარ კორძაიამ.
საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხელისუფლების მოთხოვნა, რომ გადავიდეს ქიბარ ხალვაშის ხელში, ხელისუფლებას განსხვავებული აზრის მოსმენა არ სურს.
ოპოზიციის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომ ქვეყანაში კრიტიკული აზრი ჩაიხშოს.
„რუსთავი 2-ის“ ხელში ჩაგდება სურს ბოროტმოქმედ ბიძინა ივანიშვილს, რათა სამუდამოდ დაადუმოს დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება და თავისი ბატონობა უვადო გახადოს. ამას არ დაუშვებს არც ევროპა და არც საქართველო,“- განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.