ფაშიზმზე გამარჯვების დღე ვეტერანებს ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიულოცეს. ვაკის პარკში იმყოფებოდნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ 9 მაისის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზალიკო უდუმაშვილის შეფასებით, 9 მაისი არის მსოფლიო ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე, რადგან ამ დღეს დამარცხდა ფაშიზმი.
„ჩვენ ქართველები განსაკუთრებით ამაყნი ვართ, რომ საქართველომ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მოპოვებისთვის. ეს დღე ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ვეტერანებისთვის და მათი ოჯახებისთვის, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, ამიტომ ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა, რომ ვეტერანების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს,“- აღნიშნა ზალიკო უდუმაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის შეფასებით, მსოფლიო ზეიმობს „მსოფლიო ბოროტების-ფაშიზმის“ დამარცხებას, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ვეტერანებზე ზრუნვა.
„დღევანდელ დღეს, გარდა ზოგადი ზეიმისა, არის დღე, როდესაც განსაკუთრებით უნდა დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ ჩვენი ასაკოვანი თაობისთვის, როგორ ვუადვილებთ მათ იმ რთულ პირობებს, რომელშიც დღეს უწევთ ცხოვრება,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად ვაკის პარკში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მივიდნენ.
„სამწუხაროდ, საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც ბევრი რამის გადაფასება ხდება, მათ შორის ისტორიის და ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ეს არ იყო, თითქოს, სამამულო ომი. ეს ადამიანები იბრძოდნენ არა ნამგალი და უროსთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, იბრძოდნენ ფაშიზმის, როგორც ბოროტების წინააღმდეგ,“- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ მოსახლეობას და განსაკუთრებით ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
„არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ადამიანების ბრძოლა, თავგანწირვა, რომლებმაც თავი გასწირეს იმისთვის, რომ მსოფლიოს ეს შავი ჭირი თავიდან მოეშორებინა,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.