30 დეკემბერი 2024,   21:13
ვრცლად
"ჭინკა, მე მას ვწყევლი" - მეუფეები ამბიონიდან გაბუნიას წყევლიან, პატრიარქი კი არხთან ურთიერთობების გამოსწორებაზე საუბრობს

პატრიარქი იმედს გამოთქვამს, რომ ბოლო დროს "რუსთავი 2"-სა და ეკლესიას შორის არსებული ურთიერთობები გამოსწორდება. ამის შესახებ ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ადამიანი უხეშად ეხება სარწმუნოებას, ეს დაუსჯელი არ რჩება.

"მინდა გითხრათ, რომ უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას - ეს არ რჩება დაუსჯელი. ჩვენ ვილოცეთ იმისათვის, რომ ღმერთმა ყველას შეგვინდოს ჩვენი შეცოდებანი. ყველა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს და აღიარებს მართლმადიდებლობას, ჩვენი სულიერი შვილია და ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და იმედია, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა გამოსწორდება", - განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქის განცხადებას წინ უძღოდა მისი მოსაყდრის, მეუფე შიოს ქადაგება, რომელიც გადაცემა „არჩევანის“ წამყვანის რეპლიკას ამბიონიდან გამოეხმაურა. მან მკრეხელური უწოდა გიორგი გაბუნიას განცხადებას და აღნიშნა, რომ ეს იყო შეურაცხმყოფელი გამოსვლა ერისთვის. მეუფე შიომ  განაცხადა, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება.

“რა თქმა უნდა ეს დაუშვებელია. რა თქმა უნდა ეს ჩვენს ერში არ უნდა ხდებოდეს. ეს ხომ ჩვენ გავლილი გვაქვს ყველაფერი 100 წლის წინ. აგერ ხელის გულზეა ეს ყველაფერი. და ის ადამიანები სად არიან ახლა. აი კიდევ ერთი შეკითხვა. ვიცნობთ ჩვენ, მათი სახელები ცნობილია, ვინც ამას გეგმავდა აფინანსებდა და ახორციელებდა. სად არიან ისინი, მათი სახელის გაგონებაც კი გვზარავს და გვძულს. და ეკლესია სად არის? ვისაც ისინი ასე დევნიდნენ და შეურაცხყოფდნენ. ვართ აქ. ეკლესია ცოცხალია. იმიტომ, რომ ჭერი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. ისინი კი სად არიან მოგეხსენებათ. და შევახსენოთ ჩვენს დებს და ძმებს ვინც ამის უკან დგას, რომ იგივე ელის  ამათ,“-განაცხადა მეუფე შიომ.

ამბიონიდან შეაჩვენა გიორგი გაბუნიას მეუფე იობმაც. მან რუსთავი ორის წამყვანს ეშმაკის მსახური უწოდა.

„ეს არის ეშმაკის მსახური, გიორგი გაბუნია, რომელმაც შეურაცხყო ჯერ მაცხოვარი და დრეს კიდევ დედა ღვთისმშობელი. ის არის წყეული. ის არის შეჩვენებული. უკვე აშკარაა, რომ აბუჩად იგდებენ ჩვენთვის ყველაზე სათაყვანებელ უფალს იესო ქრისტეს და ყოვლად წმინდა ღვთისმშობელ დედას. ასეთი ადამიანები არ უნდა არსებობდნენ ამ ქვეყანაზე. ვხედავთ, რომ დამცველებიც ჰყავს და ვინც მათ შეეწინააღმდეგა მართლმადიდებელი ახალგაზრდა ბიჭები, ციხეში ჩაყარეს ისინი,“-განაცხადა მეუფე იობმა და აღნიშნა, რომ გიორგი გაბუნია არ იმსახურებს პატიებას.

„მე მას ვწყევლი და შევაჩვენებ. ეგ აღარ მოინანიებს, ეგ არის პირდაპირ ეშმაკის მსახური. და საერთოდ, ეგ ტელევიზია უნდა გაუქმდეს. ღვარძლი, შხამი იღვრება ამ ტელევიზიით. ეს არის ჭინკა, ეშმაკის მსახური,“-განაცხადა მეუფე იობმა.

გარდა ამბიონიდან გაკეთებული განცხადებებისა, გასულ კვირას გავრცელდა საპატრიარქოს ოფიციალური განცხადებაც, რომელშიც ეკლესია მოუწოდებდა პოლიტიკოსებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ არ ითანამშრომლონ "რუსთავი 2"-თან. 

დღის ამბები