ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. ზაზა სარალიძე საკუთარ "ფეისბუქზე" წერს, რომ მის განადგურებას სისტემა და სისტემის მფარველები ცდილობენ.
სარალიძის თქმით, ერთადერთი ადამიანი ხელისუფლებიდან, რომელმაც მის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, პრეზიდენტი და მისი ოჯახი იყო.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"მივმართავ სრულიად საქართველოს. განურჩევლად პოლიტიკური მოღვაწეობისა.
განურჩევლად რელიგიური მრწამსისა. დღეს ჩემი განადგურება არა მარტო სისტემამ არამედ სისტემის შემქმნელებმაც გადაწყვიტა. მთავრობამ გადაწყვიტა ახალი გამოძიების ჩატარება. მოწმეები დაშინებულია და მოსყიდული. ნივთმტკიცებები განადგურებულია. თუ მოწმეები და ნივთმტკიცებები აღარ არსებობს რომელ გამოძიებაზეა საუბარი. ეს არის მთავრობის მორიგი მეთოდი, რომ კიდევ მომატყუოს და თვალებში ნაცარი შემაყაროს. გამოდის,რომ სისტემას მთავრობა მფარველობს.
ერთადერთი ადამიანი მთავრობიდან ვინც ჩემი მხარდაჭერა გამოხატა ეს არის მართლა ადამიანი და მართლა ქართველი:
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ოჯახი.
მადლობა პრეზიდენტს, მის ოჯახსა და მის ადმინისტრაციას. არცერთი მმართველი გუნდის წარმომადგენელს არ ჰქონდა სურვილი გვერდით დამდგომოდა როგორც ადამიანი.
როგორ ვენდო მათ, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებს ჩემი მოსმენაც კი."