17 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
"თქვენ იცით, რომ კუპრავას ნაცემი ჰყავს ჩემი შვილის მეგობარი?" - კამათი ია მეტრეველსა და ზაზა სარალიძეს შორის

ვაკის პარკში მიმდინარე აქციის დატოვებამდე, ზაზა სარალიძეს ბუტა რობაქიძის დედასთან შეკამათება მოუვიდა. ია მეტრეველმა ზაზა სარალიძეს მოუწოდა, რომ ნუ დადგებოდა მისი შვილების მკვლელების გვერდით. მან ზაზა სარალიძეს უთხრა, რომ მას იყენებდნენ.

„თქვენ ბრუნდებით იმათთან თუ დარჩებით ჩვენთან? თქვენ იცით, რომ კუპრავას ნაცემი ჰყავს ჩემი შვილის მეგობარი?“ - მიმართა ია მეტრეველმა ზაზა სარალიძეს, რაზეც მან უპასუხა, რომ მას ვერავინ გამოიყენებს და იდგება იქ სადაც მისი შვილის ბედი აღელვებთ.

ია მეტრეველისგან განსხვავებით, ზაზა სარალიძეს თანადგომა გამოუცხადა ბუტა რობაქიძის მამამ.

„გეფიცებით ჩემი შვილის საქმეს გადავდებ და დავდგები ზაზა სარალიძის გვერდით,“-განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ია მეტრეველთან შეკამათებამდე ზაზა სარალიძე სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ მისთვის პოლიტიკა საინტერესო არ არის და ამ აქციაზე მივიდა იმიტომ, რომ მისი შვილის მეგობრები დაინახა.

„დიდი მადლობა სრულიად საქართველოს. ჩემი ადგილი არის მხოლოდ და მხოლოდ  ჩემი შვილის მეგობრების გვერდით. მე ვიბრძვი სამართლიანობის აღსადგენად და საქართველოს მომავლის დასაცავად. მოვუწოდებ მთელს საქართველოს დადექით ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად. ვინც ჩემი შვილის მკვლელების გამოსააშკარავებლად იბრძოლებს, იმათ გვერდში ვიქნებით ყოველთვის. ნურასდროს ნუ მიხსენებთ კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. მე მოვუხმობ  ყველა პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებულ იმ ადამიანებს  და ყველა საქართველოს მოქალაქეს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკოსი იქნება თუ ჩემნაირი გლეხი. ვინც ჩემი შვილის სადარაჯოზე იდგება იმათ გვერდში ვიდგები ყოველთვის,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისი თქმით თუ დღესვე დააკავებენ მისი შვილის მკვლელებს ის წავა სახლში. 

"დღესვე დააკავონ ჩემი შვილის მკვლელები და ახლავე მივდივარ სახლში,"-განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

 

დღის ამბები