იუსტიციის სამინისტრომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევა დაიწყო. უწყებას ერთ თვიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ პარლამენტს სამი კანდიდატი წარუდგინოს, რომელთაგანაც დეპუტატები ერთს აირჩევენ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, კანდიდატების შერჩევა მოხდება ფართო კონსულტაციების საფუძველზე.
„ჩვენი პრეროგატივა არ არის ამ ეტაპზე ამ პროცესში ჩარევა. ერთ თვიანი ვადა აქვს იუსტიციის მინისტრს იმისთვის, რომ შეირჩეს მინიმუმ სამი კანდიდატი და ეს კანდიდატები შეირჩევიან ფართო კონსულტაციების საფუძველზე. ეს კანონით არის გათვალისწინებული და ასევე იგივე დააანონსა პრემიერ-მინისტრმა, რომ ფართო კონსულტაციები შედგება ამასთან დაკავშირებით,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბოლო ინფორმაციით, მმართველი გუნდი მთავარი პროკურორის პოსტზე შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის კანდიდატურას განიხილავს, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა. ასევე სახელდება სხვა გვარებიც.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე არ აკონკრეტებს კონკრეტულად ვინ განიხილება მთავარი პროკურორის პოსტზე თუმცა ამბობს, რომ ამ პროცესში გენდერული კვოტა იქნება გათვალისწინებული.
„არ შეიძლება სამივე კანდიდატი, რომელიც იუსტიციის მინისტრმა უნდა შეარჩიოს იყოს ერთი და იგივე სქესის წარმომადგენელი. გენდერული ბალანსი უნდა იყოს დაცული,“-განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.