სატრანსპორტო კოლაფსის მეორე დღე თბილისში - დილიდან ისევ გადაჭედილია ავტობუსების მოსაცდელები. მეტროს ნაცვლად მგზავრებს დღესაც ავტობუსებით მოუწევთ გადაადგილება, რაც თბილისში საცობების პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს.
ავტობუსები მერიამ სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილების გამო დაამატა. მოქალაქეებს, კი ვისთვისაც მეტრო გაცილებით სწრაფი და მარტივი გადააგილების საშუალებაა, სამსახურში მისვლის ან საბავშვო ბაღებში შვილების დატოვებისთვის თითქმის ორმაგი დრო სჭირდებათ.
ისინი შექმნილი ვითარების გამო უკმაყოფილებას არ მალავენ.
„ველოდებით ავტობუსი მოვაო, მაგრამ საათია ვდგავარ და აქ არაფერს ჩაუვლია. სადგურამდე მაინც მინდა რომ გავყვე. სადაა მერია, სადაა მთავრობა, ასე როგორ შეიძლება. მილიონობით ადამიანი ჩადის მეტროში. გუშინ სამი საათი მოვუნდი მოსვლას, გადაკეტილია, ამდენი ავტობუსი ქუჩაში არ ეტევა,“-აცხადებს თბილისის მცხოვრები რეზო ბიწაძე.
თბილისის მეტროპოლიტენი უკვე მეორე დღეა არ მუშაობს. მიზეზი მეტროს მემანქანეთა გაფიცვაა. გაფიცული თანამშრომლები სამუშაოსთვის საათში 10 ლარიან ანაზღაურებას ითხოვენ. დღეს კი მათ სატრანსპორტო კომისია 8 ლარსა და 65 თეთრს უხდის.