არჩილ ტატუნაშვილის საქმეს წამების კვალიფიკაცია დაემატა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ცხინვალის იზოლატორში მომხდარ ფაქტს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მკვლელობის მუხლებით იკვლევდა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ საქმეს წამების კვალიფიკაციაც დაემატა.
„ამ დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩილ ტატუნაშვილს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. აღენიშნება ცხედარს წამების კვალი. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, უკვე გარდა იმისა, რომ ამ საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო კვალიფიკაციით, დაემატა უკვე წამების კვალიფიკაცია და ამ მიმართულებითაც აქტიურად იმუშავებს გამოძიება“-განაცხადა მეზვრიშვილმა.
ტატუნაშვილის ოჯახი, ასევე ოპოზიცია ითხოვდა, რომ ქართველი ჯარისკაცის მკვლელობის საქმის ძიება წამების მუხლით გაგრძელებულიყო.
უკვე ცნობილია, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ სწორედ არჩილ ტატუნაშვილის წამებისთვის შევა. სარჩელზე საპარლამენტო უმრავლესობა მუშაობს.