ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აღარ დარჩება. ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის შეფასება სახალხო დამცველის დასკვნასთან დაკავშირებით. ომბუდსმენის განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი, მასზე სრულყოფილი გამოძიება არ ჩატარებულა.
მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობაში ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის პოლიტიკური ნება არსებობს და ამის დამადასტურებელია ის საგამოძიებო კომისია, რომელიც პარლამენტში შეიქმნა.
„სწორედ ამ ნებამ განაპირობა შესაბამისი კომისიის არსებობა და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას გაეცეს ყველა კითხვაზე პასუხი,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
კოლეგისგან განსხვავებით პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი დავით ჭიჭინაძე კი თვლის, რომ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამოძიებას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არ სჭირდებოდა. დეპუტატი ამბობს, რომ საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემა ადვილია, თუმცა ეს იმ შემთხვევაში თუ იქნება პოლიტიკური ნება.
„მე ვფიქრობ, რომ არის პოლიტიკური ნება. იმიტომ, რომ ეს საკმაოდ დიდი წუხილს იწვევს „ქართული ოცნების“ დეპუტატებში და მე ვფიქრობ ეს არის ჩვენი პრინციპის საკითხი, რომ ეს გამოძიება იყოს ბოლომდე მიყვანილი,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.