ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეზე სახალხო დამცველის დასკვნას არასამთავრობო ორგანიზაციები იზიარებენ. მესამე სექტორი ამბობს, რომ ომბუდსმენის ეს განცხადება ცხადყოფს, თუ რამდენად არის გაყალბებული ეს საქმე.
„ძალიან მძიმეა, როდესაც სახალხო დამცველი ასეთ შეფასებას აკეთებს ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ყველა იმ ეჭვს, რომელიც როგორც დაზარალებულს ასევე საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა. ჩვენ არ გვაქვს ამ საქმეზე სრულყოფილი წვდომა, თუმცა ამ საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ძალიან ბევრი პრობლემა იყო გამოძიების პროცესში,“-განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა სოფო ვერძეულმა.
არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ისინი სახალხო დამცველის კვალიფიკაციასა და მიუკერძოებლობაში დარწმუნებულები არიან. ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ საზოგადოებაში არსებული ეჭვები ომბუდსმენის ამ განცხადების შემდეგ კიდევ უფრო გამყარდა. ის პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
„ერთადერთი პასუხისმგებლობა ვიზეც მოდის ეს არის ხელისუფლება, რომელსაც ეკისრება ვალდებულება საქმე გამოიძიოს სრულყოფილად. და უკვე დღეს არა მხოლოდ ის პირები დასაჯოს და მისცეს პასუხისგებაში, რომელიც უშუალოდ მიყვნენ მონაწილე მკვლელობის, არამედ ის პირები რომლებიც ცდილობდნენ ხელი დაეფარებინათ დამნაშავეებისთვის,“-განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
სახალხო დამცველის შეფასებით ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების მკვლელობის საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი. ომბუდსმენი თვლის, რომ მიუხედავად ამისა, გამოძიება სათანადოდ არ ჩატარებულა.