თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, მირზა სუბელიანს სამართალდამცველები 9 საათის განმავლობაში კითხავდნენ.
სუბელიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა, გვიან ღამით დატოვა. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა მტკიცებულებების გაყალბებასა და დანაშაულის დაფარვაში სდებს ბრალს გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობდა.
სუბელიანს დაკითხვის შემდეგ არ უსაუბრია რა კითხვები ჰქონდათ მასთან სამართალდამცველებს. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა აცხადებს, რომ მას გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დაწერილი და დაკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
„ხელწერილი მაქვს გაუთქმელობის შესახებ, შესაბამისად ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. გამომძიებლებს ჰქონდათ შეკითხვები, გავეცი შესაბამისი პასუხები. რამდენჯერაც დამიბარებენ იმდენჯერ მოვალ. იყო დამატებითი შეკითხვები, გავეცი პასუხი,“-განაცხადა სუბელიანმა.
მირზა სუბელიანი დაკითხვაზე უკვე მეორედ დაიბარეს, პირველად ყოფილი მაღალჩინოსანი უწყებაში 1 ივნისს იყო მისული. როგორც მან უწყების დატოვების შემდეგ განაცხადა, გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. რატომ დაიბარეს ის შსს-ში განმეორებით უცნობია.