ზაზა სარალიძე დროებითი საპარლამენტო კომისიიდან, რომელმაც თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმე უნდა შეისწავლოს, კომისიის ერთ-ერთი წევრის ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს. ზაზა სარალიძის თქმით, თუ კომისიის შემადგენლობაში ეკა ბესელია იქნება, ის კომისიასთან არ ითანამშრომლებს.
„ბესელიას გარდა ვენდობი კომისიას...“რუსთავი2“-ზე გადაახვიეთ და მიხვდებით. ადამიანი, რომელიც მადანაშაულებს, რომ რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას მივეცი საშუალება ჩემი შვილის სულით მანიპულირებდეს ასეთ ადამიანს არ ვენდობი“-აცხადებს ზაზა სარალიძე.
კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის თქმით, საგამოძიებო კომისიის უმრავლესობას საპარლამენტო უმცირესობა წარმოადგენს. შესაბამისად, როგორც კაპანაძემ განაცხადა, კომისია გაითვალისწინებს ზაზა სარალიძის ყველა მოთხოვნას. კაპანაძე ამბობს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის მიზანია ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.
შეხვედრას "ევროპული საქართველოს" წევრები - სერგი კაპანაძე, ელენე ხოშტარია, ოთარ კახიძე და ირმა ნადირაშვილი ესწრებიან.
სარალიძემ კომისიის წევრებს მის ხელთ არსებული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, რომელიც საქმის მასალების გაყალბებას ეხება.
ზაზა სარალიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კომისიის წევრები ხორავას ქუჩაზე მოკლული კიდევ ერთი მოზარდის, ლევან დადუნაშვილის მშობლებს შეხვდებიან.