საქალაქო სასამართლოში ზვიად კუპრავასა და აქციაზე დაკავებულ კიდევ სამ პირის მიმართ სასამართლო პროცესი განახლდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, როლებიც საქმის მასალების გაცნობის მოტივით პროცესის ხვალისთვის გადადებას ითხოვდნენ.
ასევე, პროცესზე დაცვის მხარემ ითხოვა წარმოედგინათ პოლიციელებს სამხრე კამერების ჩანაწერები თუ რა ვითარებაში მოხდა ზვიად კუპრავას დაკავება. თუმცა სამართალდამცავებიდან არც ერთს ეს ჩანაწერი არ აღმოაჩნდა.
„ასეულობით საპატრულო პოლიციას არც ერთს არ გააჩნია ჩანაწერი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მეტ ნაკლებად არის ჩახედული საპატრულო პოლიციის მუშაობაში, ყველამ ვიცით რომ საპატრულო პოლიცია ამით ადასტურებს თავის ქმედებებს. ამ შემთხვევაში წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ასი პოლიციის თანამშრომელია რომელიც ესწრებოდა ამ პროცესს და არც ერთს არ ჰქონია სამხრე კამერების ჩანაწერი,“-განაცხადა ზვიად კუპრავას ადვოკატმა ლევან დავითაშვილმა.
ზვიად კუპრავას და მასთან ერთად აქციაზე დაკავებულ 3 პირს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესზე გამოცხადებული შესვენების დროს ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას.
ზაზა სარალიძის განცხადებით, მას და ზვიად კუპრავას პოლიციელები დაუპირისპირდნენ.
კუპრავა და სარალიძე სასადილოში იმყოფებოდნენ რა დროსაც მათთან პოლიცია მივიდა და დარბაზში დაბრუნება მოსთხოვა, უარის შემდეგ კი ზვიად კუპრავა სასადილოდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. დამტვრეულია სასადილოს ინვენტარიც.