თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება გუშინ, რუსთაველის გამზირის გზის სავალი ნაწილიდან კარვების აღების ფაქტს.
უწყების წარმომადგენლებმა გუშინ თქვეს, რომ კარვების აღება, აქციის მონაწილეებთან შეთანხმდა.
სარალიძე სამართალდამცველებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
ზაზა სარალიძე ამ წუთებში შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში იმყოფება. სარალიძე გენინსპექციაში, გუშინ საქალაქო სასამართლოში მომხდარი ინციდენტის გამო დაიბარეს, რომელიც სასამართლოს სასადილოში მოხდა.
სარალიძე და კუპრავა ამტკიცებენ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ზვიად კუპრავას და კიდევ ერთ პირს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„მე გამაპოლიტიზირეს, თითქოს პოლიტიკურ მოთხოვნებს ვაყენებდი. გახარიას გადაცდომა არ იყო გუშინ? პირდაპირ მშვიდობიან მოქალაქეებზე რომ დაიწყო ზეწოლა და გაქრობა და გამოაცხადეს, რომ ტერორისტები შემოსულანო? ტერორისტები როგორ მოვიდნენ იმ აქციაზე ამაზე რატომ არ მცემენ პასუხს?
საბანაძეა თუ ვინ, შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ თურმე მე შემხვედრია, უთქვამს, კარვები უნდა ავიღოთო, განმიმარტა სამართლებრივად და მე დავთანხმებივარ. სად შემხვდა, სად დამირეკა, რა სისულელეს ლაპარაკობს ეს ხალხი?
როგორც კი საჭიროა მოითხოვს ჩემს აქციაზე დაბრუნებას მივატოვებ ყველაფერს და დავბრუნდები“- ამბობს სარალიძე.